როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ შემთხვევებში:

წყალდიდობა

როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის შემთხვევაში:

  • საგანგებო სიგნალის შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვეთ შესაძლო წყალდიდობის ზონა და გადადით უფრო უსაფრთხო ადგილას;
  • თან წაიღეთ საკვები, წყალი, მედიკამენტები და ყველა სხვა ნივთი, რომელიც დაგჭირდებათ მომდევნო დღეების განმავლობაში;
  • დარეგისტრირდით შესაბამის საევაკუაციო პუნქტებში;
  • ასევე შესაძლებელია შინაური ცხოველების ევაკუაცია;
  • თუ გაქვთ თქვენი ფასეულობების ბოლო სართულზე გადანაცვლების საშუალება, დაუყოვნებლივ გააკეთეთ ეს;
  • პრიველი სართულის ფანჯრებსა და კარებს გარედან მიაჭედეთ ფიცრები.

 

მოულოდნელი წყალდიდობის დროს:

  • დაუყოვნებლივ გადადით ამაღლებულ ადგილას;
  • თუ მოხვდით წყალში, ტალღის მოახლოებისას ღრმად ჩაყვინთეთ მის საფუძველში და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოყვინთეთ;
  • თუ მოხვდით წყალში, ეცადეთ მოიშოროთ მძიმე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცურვის ან საცურაო აღჭურვილობის დახმარებით გადაინაცვლეთ მშრალი ადგილისაკენ;
  • ტრავმის თავიდან აცილების მიზნით, ყურადღება მიაქციეთ წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნივთებს;
  • სამაშველო ჯგუფის მოსვლამდე ეცადეთ შენობის ბოლო სართულზე, ან სხვა ამაღლებულ ადგილას (სახურავი, ხე, და სხვ.) ასვლა;
  • მუდმივად გადმოეცით საგანგაშო სიგნალები: დღის განმავლობაში  ხელში დაიჭირეთ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი და დაიქნიეთ, ღამით – გამოიყენეთ ნათურის სიგნალები.

 

მეწყერი

როგორ მოვიქცეთ მეწყრის შემთხვევაში:

შესაძლო მეწყრის შესახებ სიგნალის მიღებისთანავე:

  • გამორთეთ ბუნებრივი აირი, ელექტრომოწყობილობები და წყალმომარაგების სისტემა;
  • მოემზადეთ დაუყოვნებლივი ევაკუირებისთვის;
  • თუ 24 საათის განმავლობაში მეწყერი 0,5 – 1 მეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილდა, ევაკუაცია უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ;
  • ევაკუაციის დროს, თან წაიღეთ დოკუმენტაცია და პირველადი საჭიროების ნივთები (საკვები, ტანსაცმელი, ა.შ.)

 

ღვარცოფი

როგორ მოვიქცეთ ღვარცოფის შემთხვევაში:

  • ღვარცოფული ნაკადის მოახლოების შესახებ საგანგებო სიგნალის მიღებისთანავე ან რაიმე განსაკუთრებული ხმაურის გაგებისთანავე  აუცილებელია გადაადგილდეთ დაბლობიდან (წყალშემკრებიდან) 50–100 მეტრის მაღლობზე;
  • წინასწარ დადგენილი საევაკუაციო გეგმის მიხედვით, ეცადეთ განახორციელოთ ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას;
  • გახსოვდეთ, ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

 

მიწისძვრა

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის შემთხვევაში:

  • თუ მიწისძვრა სუსტია, ნუ შეშინდებით, უმჯობესია დარჩეთ იქ, სადაც ხართ;

თუ უფრო ძლიერი მიწისძვრის დროს თქვენ იმყოფებით შენობაში:

  • დაუყოვნებლივ დატოვეთ შენობა კიბეების ან ფანჯრების მეშვეობით;
  • თუ იმყოფებით მეორე სართულზე ან უფრო მაღლა, ნუ ცდილობთ შენობის დატოვებას;
  • ნუ გამოიყენებთ ლიფტს;
  • დადექით კუთხის შიდა კედელთან, კარებთან ან მყარ ბოძთან;
  • თუ შენობა მოძველებულია და კედლები არ არის უსაფრთხო, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
  • ნუ აანთებთ ასანთს;

 

თუ იმყოფებით ქუჩაში:

  • გადადით ღია ადგილას შენობებისგან და ელექტროგადამცემი ხაზებისგან მოშორებით;
  • ნუ გაჩერდებით ხიდზე ან ხიდის ქვეშ.

 

ზვავი

როგორ მოვიქცეთ თუ მოვხვდით ზვავის ზონაში:

  • მიაქციეთ ყურადღება ამინდის ცვალებადობას;
  • მთაში წასვლისას აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენს მარშრუტზე არსებული შესაძლო ზვავის ზონების შესახებ;
  • თავი უნდა აარიდოთ ადგილებს, სადაც არსებობს ზვავის შესაძლებლობა;
  • ზვავის ყველაზე სახიფათო პერიოდი გაზაფხულისა და ზაფხულის მზიანი და თბილი დღეებია.

 

როგორ მოვიქცეთ ზვავის შემთხვევაში:

  • დაუყოვნებლივ დატოვეთ სახიფათო ადგილი და გადაინაცვლეთ უფრო უსაფრთხო ადგილას;
  • თუ თქვენ არ შეგიძლიათ დააღწიოთ თავი ზვავს, დადეთ თქვენი ბარგი და მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებისაკენ;
  • მოიხარეთ, მიადეთ მუხლები მუცელს და მჭიდროდ დაიჭირეთ ფეხები  (მიიღეთ თოვლის გუნდის ფორმა).

 

როგორ მოვიქცეთ თუ მოვხვდით ზვავში:

  • სასუნთქი ორგანოების დაცვის მიზნით დაიცავით სახე ხელთათმანებით, შარფით ან საყელოთი;
  • ეცადეთ დაიჭიროთ თავი ზვავის ზედაპირზე და ხელების მოძრაობით გადაინაცვლეთ ზვავის კიდისაკენ;
  • მას შემდეგ, რაც ზვავის ნაკადი გაჩერდება, ეცადეთ თქვენი სხეულის გარშემო შექმნათ საკმარისი ადგილი, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას;
  • ეცადეთ მონახოთ ნიადაგის ზედაპირი და გადაადგილდით ზემოთ;
  • დაზოგეთ თქვენი ძალები, ჟანგბადი და სითბო და ეცადეთ არ დაიძინოთ;
  • არ იყვიროთ, თოვლი მთლიანად ახშობს თქვენს ხმას;
  • გახსოვდეთ, რომ თქვენ იძებნებით.